საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინფორმაცია ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1226-ე სხდომაზე ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ტორბიორნ იაგლანდის მე-11 კონსოლიდირებული ანგარიშის - „კონფლიქტი საქართველოში" განხილვის შესახებ

2015 წლის 29 აპრილს, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1226-ე სხდომაზე განხილული იქნა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ტორბიორნ იაგლანდის მე-11 კონსოლიდირებული ანგარიში - "კონფლიქტი საქართველოში". ანგარიში მოიცავს პერიოდს 2014 წლის ნოემბრიდან 2015 წლის მარტის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საბჭო განაგრძობს რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს იმ ვალდებულებების მონიტორინგს, რომლებიც უკავშირდება 2008 წლის ომის შედეგებს და ახდენს საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე. მე-11 კონსოლიდირებულ ანგარიშში სხვა საკითხებთან ერთად, გენერალური მდივანი ყურადღებას ამახვილებს რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს რეგიონებს შორის გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებებზე. აღნიშნულთან დაკავშირებით თავიანთ გამოსვლებში შეშფოთება გამოთქვეს როგორც საქართველოს დელეგაციამ, ისე ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების დელეგაციებმა.

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-11 კონსოლიდირებული ანგარიშის ირგვლივ გამართულ დებატებზე ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა დადებითად შეაფასეს აღნიშნული დოკუმენტი და მხარი დაუჭირეს კონსოლიდირებული ანგარიშების წარდგენის პრაქტიკის მომავალშიც გაგრძელებას. გამომსვლელთაგან მხოლოდ რუსეთის ფედერაციამ დააყენა ეჭვქვეშ გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშების ეფექტიანობა.

სხდომაზე საქართველოს დელეგაციის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, მათ შორის, ამ ტერიტორიებზე ევროპის საბჭოს სადამკვირვებლო მექანიზმების შესვლის აუცილებლობაზე. ქართულმა მხარემ შეშფოთება გამოთქვა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსი სამხედროების უკანონო ქმედებებთან და ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესთან, ასევე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და რუსეთის ფედერაციას შორის გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებთან დაკავშირებით. საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა მოუწოდა ევროპის საბჭოს გადადგას შესაბამისი ნაბიჯები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევების საპასუხოდ.

სხდომაზე ევროკავშირის სახელით გაკეთდა განცხადება, რომელშიც ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ევროკავშირმა მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიანი შეთანხმება, ასევე უზრუნველყოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესვლა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და აიღოს საქართველოს მიმართ ძალის არგამოყენების ვალდებულება. ევროკავშირმა დაგმო რუსეთის ფედერაციასა  და საქართველოს რეგიონებს შორის ე.წ. ხელშეკრულებების ხელმოწერა, ასევე შეშფოთება გამოთქვა აფხაზეთში, საქართველო და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთი, საქართველო ადამიანის უფლებათა მდგომარეობასთან და საოკუპაციო ხაზების გასწვრივ მიმდინარე ე.წ. „ბორდერიზაციის" პროცესთან დაკავშირებით. განცხადებაში ხაზი გაესვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე დევნილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების აუცილებლობას. აღნიშნულ განცხადებას ასევე მიუერთდნენ ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია, მონტენეგრო, ისლანდია, თურქეთი, ალბანეთი, ლიხტენშტეინი, ნორვეგია, მოლდოვას რესპუბლიკა, სან მარინო, საქართველო და უკრაინა.

სხდომაზე სუამ-ის წევრი ქვეყნების სახელით გაკეთდა განცხადება, რომელშიც მათ მხარი დაუჭირეს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ აღნიშნული ანგარიშების წარდგენის პრაქტიკის მომავალშიც გაგრძელებას, ასევე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. სუამ-ის წევრი ქვეყნების დელეგაციებმა შეშფოთება გამოხატეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით შექმნილი მძიმე მდგომარეობისა და ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესთან დაკავშირებით. განცხადებაში რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს რეგიონებს შორის ხელმოწერილი ე.წ. ხელშეკრულებები სუამ-ის წევრმა სახელმწიფოებმა შეაფასეს, როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული ქმედება და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-11 კონსოლიდირებულ ანგარიშს, ასევე ევროკავშირის, სუამ-ისა და სხვა პარტნიორების მიერ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ მხარდამჭერ განცხადებებს. სამინისტრო გამოთქვამს იმედს, რომ საკითხი „კონფლიქტი საქართველოში“ მომავალშიც შენარჩუნდება ევროპის საბჭოს პოლიტიკურ დღის წესრიგში.

 

29 აპრილი, 2015 წელი