საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინფორმაცია ევროპის საბჭოს მინისტერიალის შესახებ

2015 წლის 19 მაისს, ქ. ბრიუსელში გაიმართა ევროპის საბჭოს მინისტერიალი, რომელშიც  მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციამ საგარეო საქმეთა მინისტრის, თამარ ბერუჩაშვილის ხელმძღვანელობით. აღნიშნული მინისტერიალის ფარგლებში მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა ექვსი თვის ვადით გადაეცა ბოსნია და ჰერცეგოვინას.

ევროპის საბჭოსთვის, სხვა პრიორიტეტულ საკითხებთან ერთად, მინისტერიალის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ევროპაში მიმდინარე კონფლიქტები. სხდომაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ ვითარებაზე, კერძოდ, რუსეთის ფედერაციის მიერ ამ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე, ე.წ „ბორდერიზაციის“ პროცესზე და რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს რეგიონებს - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებულ ე.წ. „ხელშეკრულებებზე“. მინისტრი ასევე შეეხო ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის მიერ 2015 წლის 12 მაისს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელშიც კომიტეტი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, უზრუნველყოს ევროპის საბჭოს ორგანოების შეუზღუდავი შესვლა საქართველოს კონფლიქტით დაზარალებულ ტერიტორიებზე.

თავიანთ გამოსვლებში, სხვა საკითხებთან ერთად, ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ისაუბრეს ევროპაში არსებული კონფლიქტების მოგვარების გადაუდებელ აუცილებლობაზე და რუსეთის ფედერაციას მოუწოდეს, გადადგას ქმედითი ნაბიჯები უკრაინასა და საქართველოში სიტუაციის დეესკალაციის მიზნით, მათ შორის მინისტრებმა გააკეთეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი განცხადებები. ქვეყნებმა მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საერთაშორისო სამართალს და ხაზი გაუსვეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით ევროპის საბჭოს მიერ შესაბამისი მექანიზმების გამოყენების მნიშვნელობას. თავის შემაჯამებელ სიტყვაში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სხვა საკითხებთან ერთად, ყურადღება გაამახვილა, რომ რუსეთსა და საქართველოს რეგიონებს შორის დადებული ე.წ. „ხელშეკრულებები“ არღვევენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. თავმჯდომარე ასევე შეეხო ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესს და აღნიშნა, რომ მრავალმა დელეგაციამ დაადასტურა ამ ტერიტორიებზე მაცხოვრებელი პირების ევროპული სტანდარტებით უფლებების დაცვის აუცილებლობა.  იგი ასევე შეეხო ამ რეგონებში ევროპის საბჭოს მონიტორინგის ორგანოების თავისუფალი და დაუბრკოლებელი შესვლის მნიშვნელობას.

მინისტერიალზე ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა წარმოადგინა ანგარიში ევროპაში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ. ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასევე განიხილეს ტერორიზმთან დაკავშირებული პრობლემები და ევროპის საბჭოს როლი ამ მიმართულებით.

მინისტერიალზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქართველოში კონფლიქტის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-11 კონსოლიდირებული ანგარიშის ცნობად მიღების თაობაზე.

 

19 მაისი, 2015 წელი