საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ევროპის საბჭოს კონგრესის პრეზიდენტი საქართველოს რეგიონში დაძაბულობის ხელახალ ზრდასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს

ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის პრეზიდენტი ჟან-კლოდ ფრეკონი, სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს დანარჩენ ტერიტორიას შორის ადმინისტრაციული საზღვრის  შეცვლასთან დაკავშირებით, შემდეგ განცხადებას აკეთებს: 

„გასულ მარტს, როდესაც კონგრესის სახელით გამოვდიოდი, სასტიკად დავგმე რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის ხელმოწერილი ე.წ. „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“ ხელშეკრულება. დარწმუნებული ვიყავით, რომ აღნიშნული ქმედება ხელს შეუწყობდა რეგიონში დაძაბულობის გამწვავებას და ადგილობრივ მოსახლეობას საფრთხეს შეუქმნიდა. რამდენიმე დღის წინ შევიტყვეთ უაღრესად შემაშფოთებელი ინფორმაცია რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს დანარჩენ ტერიტორიას შორის ადმინისტრაციული საზღვრის  გადაწევის შესახებ, რის შედეგაც სეპარატისტული რეგიონის ე.წ. საზღვარი კიდევ უფრო გაფართოვდა. 

ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას შეწყვიტოს ნებისმიერი ქმედება, რომელიც სიტუაციის გართულებას გამოიწვევს, რაც არავის ინტერესში არ შედის, და რომელსაც გმობს საერთაშორისო საზოგადოება. სოფელ წითელუბანსა და სოფელ ორჭოსანთან საზღვრის გადაწევა და ბაქო-სუფსას მილსადენის მონაკვეთის რუსეთის ფედერაციის კონტროლის ქვეშ მოქცევა მთელს რეგიონში სერიოზულ დესტაბილიზაციას გამოიწვევს. 

კონგრესი ყოველთვის მხარს უჭერდა ისეთი განსაკუთრებული სტატუსის მქონე რეგიონების ჩამოყალიბებას, რომლებიც პატივს სცემენ სახელმწიფოების ტერიტორიულ მთლიანობას. შესაბამისად, ერთადერთი გონივრული გამოსავალი სამხრეთ ოსეთისთვის კვლავ  საქართველოს იურისდიქციაში დაბრუნებაა.