საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა

2015 წლის 22 სექტემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბატონი დავით დონდუა შეხვდა ევროპის საბჭოს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს ბატონ დანიილ ხოშაბოს, ამავე დეპარტამენტის მრჩეველს ბატონ მარსელ კაპს და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს ბატონ კრისტიან ურსეს.

ევროპის საბჭოს დელეგაციის საქართველოში ვიზიტის მიზანს წარმოადგენს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-12 კონსოლიდირებული ანგარიშის - „კონფლიქტი საქართველოში“ მომზადება. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ, კერძოდ მოსკოვის მიერ სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებთან ე.წ. „ხელშეკრულების“ გაფორმებისა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების დამონტაჟების თაობაზე, აგრეთვე იქ არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე. 

ამასთანავე საუბარი შეეხო 2015 წლის 12 მაისს,  ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1227-ე სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, სადაც კომიტეტი მოუწიდებს რუსეთის ფედერაციას უზრუნველყოს ევროპის საბჭოს ორგანოების შეუზღუდავი შესვლა საქართველოს კონფლიქტით დაზარალებულ ტერიტორიებზე. 

მხარეებმა ასევე ისაუბრეს ევროპის საბჭოს ნდობის აღდგენის მექანიზმების მნიშვნელობაზე  და ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატში განხილულ საკითხებზე.

შეხვედრის დასასრულს ბატონმა დავით დონდუამ სტუმრებს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კვარტალური ანგარიში (2015 წლის აპრილი-ივნისი)  „ადამიანის უფლებების დაცვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე“ გადასცა.

2015 წლის 22 სექტემბერი