საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში 14 აპრილს გამართა შეხვედრა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, მარია პეიჩინოვიჩი ბურიჩთან.
 
შეხვედრისას მინისტრის მოადგილემ გენერალურ მდივანს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებასთან, მათ შორის ბოლოდროინდელ განვითარებებთან დაკავშირებით. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შედეგად შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე.
 
შეხვედრისას ლაშა დარსალიამ ისაუბრა სახელმწიფოთაშორის საქმესთან - აქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოს საერთაშორისო წარმატებას. სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლებრივად ამტკიცებს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და მის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებზე რუსეთის ეფექტურ კონტროლს, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევებსა და საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევებში რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობას.
 
მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა და დაგმო ცხინვალის რეგიონში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ზაზა გახელაძის უკანონო ტყვეობის 12 წელზე მეტი ვადით გახანგრძლივება, როგორც ევროკავშირის შუამდგომლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებისა და ადამიანის ძირითადი უფლებების უხეში დარღვევა.
 
ლაშა დარსალიამ ისაუბრა საქართველოს მთავრობის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის მიზნით, მდინარე ენგურის გადაკვეთისას ოკუპირებული გალის რაიონის მკვიდრი ოთხი მოქალაქის დაღუპვის ტრაგიკულ შემთხვევაზე და ხაზი გაუსვა, თუ რამდენად კრიტიკულია ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების საკითხების პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამოყოფა.
 
შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებული საკითხები მუდმივად იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში. ამ თვალსაზრისით, მან ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშის მნიშვნელობას, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან სამართლებრივ და პოლიტიკურ დოკუმენტებს, რომელთა მეშვეობითაც, საერთაშორისო საზოგადოების მიერ ხდება რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში არსებული უმძიმესი ვითარების შესაბამისი შეფასება.
 
ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონსოლიდირებული ანგარიშების მომზადება უაღრესად მნიშვნელოვანია და ეს პრაქტიკა მომავალში კვლავ გაგრძელდება.
 
შეხვედრისას ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას, ასევე, საუბარი შეეხო ნდობის აღდგენის მიმართულებით საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და ჩართულობის პოლიტიკას.
 
შეხვედრისას მხარეებმა ასევე განიხილეს ევროპის საბჭოსთან არსებული მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა. საუბარი შეეხო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობის მნიშვნელოვან მემკვიდრეობას. ამ მხრივ, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გარემოს დაცვისა და ადამიანის უფლებების ურთიერთკავშირის თემაზე, რომელიც წარმოადგენდა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტზე საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტს, ხოლო თავმჯდომარეობის შემდეგ კი, გარემოს დაცვის შესახებ სამართლებრივი ინსტრუმენტის განვითარება, ორგანიზაციის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად განისაზღვრა.