საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

14 აპრილს, სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს, დესპინა ჩაცივასილიუ-ცოვილისის შეხვდა.

შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს და ევროპის საბჭოს თანამშრომლობას და ხაზი გაესვა საქართველოს მიერ ორგანიზაციის ფასეულობებისა და პრინციპების ერთგულებას, რაც ეფუძნება ადამიანის უფლებების დაცვას, სამართლის უზენაესობას და დემოკრატიის განმტკიცებას.    

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას, რაც კიდევ უფრო გაუარესდა კოვიდ-19-ის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით. ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში  ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე, სიცოცხლის უფლების ხელყოფის, მოქალაქეების უკანონო დაკავების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვის ფაქტებზე და მათზე საერთაშორისო თანამეგობრობის სათანადო რეაგირების აუცილებლობაზე.  

მინისტრის მოადგილემ საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის შესახებ.

შეხვედრაზე ლაშა დარსალიამ ისაუბრა სახელმწიფოთაშორის საქმესთან - საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოს საერთაშორისო წარმატებას და სამართლებრივად ამტკიცებს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და მის მიერ ოკუპირებულ რეგიონებზე, რუსეთის ეფექტურ კონტროლს; 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევასა და რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობას საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევებზე.

შეხვედრისას აქცენტი გაკეთდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ, საქართველოს რეგიონებთან დაკავშირებული საკითხების, საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში უმაღლეს დონეზე არსებობის მნიშვნელობასა და ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მექანიზმების წვდომის აუცილებლობაზე.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის ფორმატში არსებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის საქართველოს თავმჯდომარეობის მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა. განსაკუთრებით გამოყვეს გარემოს დაცვის საკითხი, რაც საქართველოს თავმჯდომარეობის შემდეგ  ორგანიზაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტულ მიმართულებად დასახელდა და ამ საკითხით განსაკუთრებული დაინტერესება, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ გამოხატა.

სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში, 14 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ შეხვედრა ასევე გამართა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისის ხელმძღვანელთან, იზილ გაშესთან.

ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისის ხელმძღვანელს მიეწოდა დეტალური ინფორმაცია რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებასთან  დაკავშირებით, მათ შორის, აქცენტი გააკეთა ოკუპირებულ რეგიონებში საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებების შემთხვევებზე და კოვიდ-19-ის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებით წარმოქმნილ მძიმე შედეგებზე.

ქართულმა მხარემ ისაუბრა სახელმწიფოთაშორის საქმესთან - საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ადგენს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიების ოკუპაციასა და საქართველოს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე რუსეთის ეფექტურ კონტროლს; რუსეთის პასუხისმგებლობას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთი მუხლის უხეშ დარღვევაზე და რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას.

ლაშა დარსალიამ ხაზი გაუსვა საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე პოზიცია და მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, რათა რუსეთმა შეწყვიტოს ადამიანის უფლებების უხეში დარღვევები და  საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების შესაბამისად იმოქმედოს. ამ თვალსაზრისით, მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევების მიმართ ადამიანის უფლებათა კომისრის აქტიურობის მნიშვნელობაზე.