საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების სხდომაზე ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 23-ე კონსოლიდირებული ანგარიში - "კონფლიქტი საქართველოში" განიხილეს

2021 წლის 14 აპრილს ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების სხდომაზე განხილულ იქნა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 23-ე კონსოლიდირებული ანგარიში - „კონფლიქტი საქართველოში“. სხდომაში მონაწილეობა მიიღო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ.

გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიში აღწერს 2020 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის აპრილამდე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას. 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ გრძელდება ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი; რომ ჩორჩანა-წნელისის მხარეში რუსეთის საოკუპაციო ძალების ყოფნა წარმოადგენს საფრთხეს სტაბილურობისთვის. ანგარიში ხაზს უსვამს, რომ დაფიქსირდა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან უკანონო დაკავებების ზრდა. ამ მხრივ, ყურადღება გამახვილებულია 2021 წლის ივლისში ცხინვალში, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაჭრილი და შემდეგ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ტყვეობის 12 წლით გახანგრძლივებაზე.

ანგარიში ხაზს უსვამს არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას, ირაკლი კვარაცხელიას და ინალ ჯაბიევის სიცოცხლის ხელყოფის შემთხვევების სათანადო გამოძიებისა და მართლმსაჯულების აღსრულების მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ ამ მხრივ პროგრესი არ მიღწეულა.

ანგარიშის თანახმად, ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული მდგომარეობა მძიმეა, განსაკუთრებით ეთნიკური ქართველებით დასახლებულ, გალის და ახალგორის რაიონებში. აღნიშნულია ისეთი ფუნდამენტური უფლებების დარღვევები, როგორიცაა სიცოცხლის უფლება, გადაადგილების თავისუფლება, საკუთრების უფლება, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება. ხაზგასმულია, რომ მშობლიურ ენაზე განათლების შეზღუდვა როგორც საქართველოს მთავრობის, ისე საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან შეფასებულია, როგორც ეთნიკური დისკრიმინაციის ფორმა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა კვლავ საფრთხეს წარმოადგენს ადამიანის უფლებებისთვის და აფერხებს საარსებო საშუალებებზე და სამედიცინო დახმარებაზე ხელმისაწვდომობას. 

ამასთანავე, ანგარიში ყურადღებას ამახვილებს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივებზე და ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ჯანდაცვის და სხვა სოციალური დახმარების შესაძლებლობების შესაქმნელად მიმართულ ძალისხმევაზე, მათ შორის, კოვიდ-19-ით ინფიცირებული პაციენტების სამედიცინო ევაკუაციისა და მკურნალობისთვის გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე.

გენერალური მდივნის 23-ე კონსოლიდირებული ანგარიშის განხილვისას სიტყვით გამოვიდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია, რომელმაც  სხდომის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციასა და ადგილზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე. ლაშა დარსალიამ აღნიშნა, რომ უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების გამოწვევების საბოლოო გადაწყვეტის გასაღები, უპირველეს ყოვლისა, მდგომარეობს რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციის დასრულებაში, როგორც ამას ევროკავშირის შუამდგომლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება განსაზღვრავს და რომელსაც რუსეთი უგულებელყოფს მისი დადების დღიდან.

მინისტრის მოადგილემ ისაუბრა ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე, რასაც განსაკუთრებულად სავალალო შედეგები მოაქვს კოვიდ-19-ის პანდემიის გათვალისწინებით. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის მიზნით, მდინარე ენგურის გადაკვეთისას ოკუპირებული გალის რაიონის მკვიდრი ოთხი მოქალაქის დაღუპვის ტრაგიკულ შემთხვევაზე და ხაზი გაუსვა, თუ რამდენად კრიტიკულია ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების საკითხების პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამოყოფა. მინისტრის მოადგილე შეეხო უკანონო დაკავებების შემაშფოთებელ შემთხვევებს, მათ შორის მან გამოყო და კიდევ ერთხელ დაგმო ცხინვალის რეგიონში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ, ზაზა გახელაძის უკანონო ტყვეობის 12 წელზე მეტი ვადით გახანგრძლივების ფაქტი, როგორც ევროკავშირის შუამდგომლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებისა და ადამიანის ძირითადი უფლებების უხეში დარღვევა. ლაშა დარსალიამ აღნიშნა, რომ ეს მდგომარეობა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" მნიშვნელობას, რათა ნაბიჯი გადაიდგას რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევების თავიდან ასაცილებლად.

სხდომაზე მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული, ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების კუთხით შექმნილ მდგომარეობაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას. ამ კუთხით, აღნიშნა სახელმწიფოთაშორის საქმესთან - საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რაც ადასტურებს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციასა და მის მიერ ოკუპირებულ რეგიონებზე რუსეთის ეფექტურ კონტროლს და განსაზღვრავს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების დარღვევაზე რუსეთის პასუხისმგებლობას.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საქართველო ერთგული რჩება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატისადმი და ინტენსიურად მუშაობს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების ეფექტურად გამოყენებაზე. ითქვა, რომ ამ ფორმატების მუშაობას კვლავ აფერხებს რუსეთი და მისი საოკუპაციო რეჟიმები, რაც ხელს უშლის კონფლიქტით დაზარალებული ადამიანებისთვის მწვავე ჰუმანიტარული საკითხების მოგვარებას.

ლაშა დარსალიამ ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მიმართ, საქართველოს ხელისფლების ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში მიმდინარე ინტენსიურ ძალისხმევებზე. მინისტრის მოადგილემ, ასევე, ისაუბრა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, მათ შორის პანდემიის პირველივე დღიდანვე, საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეულ მნიშვნელოვან ძალისხმევებზე. 

ქართულმა მხარემ ევროპის საბჭოს ტრიბუნიდან რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ მის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ორივე რეგიონში უპირობოდ შეწყვიტოს ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევები, ოკუპირებულ რეგიონებში დაუყოვნებლივ დაუშვას ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმები, გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოდან და შეასრულოს ფუნდამენტური საერთაშორისო ვალდებულებები. აქვე, ამ მხრივ, განსაკუთრებული ყურადღება  საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გამახვილა.

აღსანიშნავია, რომ კონსოლიდირებული ანგარიშის - „კონფლიქტი საქართველოში“ განხილვისას მხარდამჭერი განცხადებები გავრცელდა ევროკავშირისა და სუამ-ის სახელით.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 23-ე კონსოლიდირებულ ანგარიშს და ხაზს უსვამს აღნიშნული საკითხის ევროპის საბჭოს პოლიტიკურ დღის წესრიგში შენარჩუნების მნიშვნელობას.