საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

სალომე ზურაბიშვილი: ”საქართველომ გააძლიერა თავის დემოკრატიული ინსტიტუტები”

„21 წლის წინ ევროპის საბჭოში საქართველოს გაწევრიანება ჩვენი საზოგადოების ტრანსფორმაციის, პიროვნული თავისუფლების, პოლიტიკური სისტემის დემოკრატიზაციის, დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებისა და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული სახელმწიფოს შექმნის დასაწყისი იყო. “ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურავბიშვილმა, დღეს ასამბლეაზე გამოსვლისას. „გზა, რომელიც პასუხობდა ჩვენი საზოგადოების თავისუფალ ნებას; არჩევანი, რომელიც დღემდე რჩება ჩვენი შთაგონების წყაროდ, უფრო და უფრო გვაახლოებს ევროპაში ინტეგრაციასთან“.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ  საქართველო თანამედროვე ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა, რომელსაც ძლიერი ინსტიტუტები, მდგრადი ეკონომიკური ზრდა აქვს და სტაბილურ გარემოში ავითარებს სოციალურ და ჯანდაცვის სისტემებს. „ჩვენმა ქვეყანამ შეძლო გზა გაეკვალა ევროკავშირისა და ნატოსკენ, მიუხედავად ბევრი წინააღმდეგობისა, როგორებიცაა გაყინული კონფლიქტები, ომი, ოკუპირებული ტერიტორიები“- განაცხადა მან.

„ჩვენ ვიცით, რომ გზის დასასრულამდე არ მიგვიღწევია. იმისათვის, რომ რეფორმების ბოლო ტალღა განვახორციელოთ, საჭირო იქნება მეტი პოლიტიკური ნება და მზაობა“ - განაცხადა მან.

„2018 წელს მიღებული ახალი კონსტიტუცია არის ჩვენი დემოკრატიული განვითარების შემდგომი საფეხური და  ადამიანის უფლებების დაცვის მიმართ ჩვენს  ერთგულებას ასახავს.  ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს დაემატა ახალი - სოციალური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი უფლებები“ - განაცხადა პრეზიდენტმა და ხაზი გაუსვა, რომ  გარემოსდაცვითი უფლებები, კონკრეტულად კი ეკოლოგიური ზიანისგან მოქალაქეების დაცვა არის პრიორიტეტი.