საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

სტრასბურგში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში, გაიმართა მინისტრთა მოადგილეების არაფორმალური შეხვედრა ქალთა და გოგონათა მიმართ კიბერ ძალადობის თემაზე

2019 წლის 12 დეკემბერს, სტრასბურგში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში, გაიმართა მინისტრთა მოადგილეების არაფორმალური შეხვედრა ქალთა და გოგონათა მიმართ კიბერ ძალადობის თემაზე.

აღნიშნული ღონისძიება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტების ფარგლებში დაიგეგმა.

ღონისძიება ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის თავმჯდომარემ ბატონმა ირაკლი გივიაშვილმა გახსნა. თავის გამოსვლაში მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ქალთა და გოგონათა  მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა საქართველოს თავმჯდომარეობის კონტექსტში ამ საკითხის პრიორიტეტულობას.  მან ასევე ისაუბრა ევროპის საბჭოს გენდერული თანასწორობის სექციის მიერ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში წარმოებულ ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებულ ღონისძიებებზე და ასეთი ღონისძიებების კავშირზე დანაშაულების პრევენციასთან.

ირაკლი გივიაშვილმა აღნიშნა, რომ კიბერ ძალადობა ქალთა და გოგონათა წინაამდეგ შედარებით ახალი მოვლენაა, რაც დიდწილად განაპირობა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ.

ღონისძიების ფარგლებში პრეზენტაციები გამართეს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების ექსპერტთა ჯგუფის (GREVIO) პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ირის ლუარასიმ, „კიბერ ძალადობა და სიძულვილის ენა  ქალების წინააღმდეგ ონლაინ“ კვლევის ავტორმა ადრიანე ვან დერ ვილკმა  და გერმანიის ქალთა კონსულტირებისა და გაუპატიურების კრიზისული ცენტრების ფედერალური ასოციაციის წარმომადგენელმა, უტე ცილიგმა. გამომსვლელებმა თავიანთ პრეზენტაციებში მიმოიხილეს თემა ე.წ. სტამბოლის კონვენციის პერსპექტივიდან, ასევე ისაუბრეს ევროპის საბჭოს სხვა ინსტრუმენტებზე, რომლებიც არეგულირებენ ქალთა მიმართ კიბერ ძალადობის თემას (მაგალითად მინისტრთა კომიტეტის მიერ 2019 წელს მიღებული რეკომენდაცია სექსიზმზე). გამომსვლელები ასევე შეეხნენ იმ გამოწვევებს, რომლებიც არსებობს მსხვერპლთა დაცვისა და დამნაშავეთა სისხლისსამართლებრივი დევნის მიმართულებით.

პრეზენტაციების დასრულების შემდეგ, გაიმართა შინაარსობრივი დისკუსია ღონისძიებაში მონაწილეთა შორის. დასასრულს, მინისტრთა მოადგილეების არაფორმალურ შეხვედრაზე განხილული საკითხები შეაჯამა მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის თავმჯდომარემ ბატონმა ირაკლი გივიაშვილმა.

 

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ევროპის საბჭოსთან აკრედიტებული დიპლომატიური მისიების და ევროპის საბჭოს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებმა.

 

საქართველოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყნა 2019 წლის 27 ნოემბერს 6 თვის ვადით გახდა, რომელიც 2020 წლის 15 მაისს თბილისში დაგეგმილ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომამდე გაგრძელდება.