საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით ქ. სტრასბურგში საზეიმო ღონისძიებები გაიმართა

ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით ქ. სტრასბურგში საზეიმო ღონისძიებები გაიმართა
 
დღეს ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით ქ. სტრასბურგის რესპუბლიკის მოედანზე საქართველოს თავმჯდომარეობისადმი მიძღვნილი დაფის პრეზენტაცია მოხდა. პრეზენტაციის ფარგლებში, საზოგადოებას სიტყვით სტრასბურგის მერის მოადგილემ ნაოელ რაფიკ ელმრინმა; ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა; ევროპის საბჭოში საფრანგეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ჟან-ბატისტ მატეიმ და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მიმართეს.
 
თავის გამოსვლაში მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყნის ფუნქციის შესრულება ორგანიზაციაში გაწევრიანებიდან 20 წლის შემდგომ დაეკისრა, რაც დიდი პასუხისმგებლობაა. „თავმჯრომარეობა შესანიშნავ საშუალებას გვაძლევს, საინტერესო, მოცულობითი პროგრამის მეშვეობით, ქართული კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაციას შევუწყოთ ხელი“ - განაცხადა ზალკალიანმა.
 
მინისტრმა საზოგადოებას თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოს კულტურულ პროგრამა გააცნო და აღნიშნა, რომ ქ. სტრასბურგში დაგეგმილია: საქართველოს ნაციონალური ბალეტის - სუხიშვილების კონცერტი; სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე საქართველოში წარმოებული მრავალფეროვანი პროდუქციის წარმოდგენა; ახალგაზრდა ქართველი შემსრულებლის გვანცა გაგნიძის კონცერტი სტრასბურგის ფილარმონიის ორკესტრის აკომპანიმენტით; ცნობილი ქართველი დიზაინერის, ქეთი ჩხიკვაძის ჩვენება და ქართული ფილმების, მათ შორის მიხეილ კობახიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება.
 
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი მიესალმა საქართველოს მიერ არჩეულ პრიორიტეტებს. „თქვენ საინტერესო პრიორიტეტები განსაზღვრეთ. მივესალმები საქართველოს მთავრობას და ჩვენს მომავალ თანამშრომლობას“ - აღნიშნა ბურიჩმა.
 
ცერემონიის ფარგლებში მოხდა საფრანგეთის ეროვნული დროშის დაშვება საფრანგეთის სახელმწიფო ჰიმნის ფონზე და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ფონზე საქართველოს ეროვნული დროშა  აღიმართა. ცერემონიის დასასრულს  ევროპის ჰიმნი გაჟღერდა. საქართველოს სახელმწიფო დროშა ქ. სტრასბურგის მერიასთან საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში, ექვსი თვე იქნება აღმართული, იქვე განთავსდება თავმჯდომარებისადმი მიძღვნილი დაფა.
 
დროშის ცერემონიის დასრულების შემდეგ სტრასბურგის მერის სახელით საზეიმო მიღება გაიმართა.