საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

23.04.2019 ქ. სტრასბურგი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ, სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში გამართა შეხვედრები ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთანტორბიორნ იაგლანდთან და ევროპის საბჭოსთან ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებთან. 
 
შეხვედრის დროს მინისტრის მოადგილემ გენერალურ მდივანს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებასთან  და უახლეს განვითარებებთან დაკავშირებით.
 
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებული საკითხები მუდმივად იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში. ამ თვალსაზრისით, მან ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშის მნიშვნელობას, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ.
 
ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონსოლიდირებული ანგარიშების მომზადება უაღრესად მნიშვნელოვანია და ეს პრაქტიკა კვლავ გაგრძელდება მომავალში.
 
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში. ასევე, საუბარი შეეხო ნდობის აღდგენის მიმართულებით საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და ჩართულობის პოლიტიკას.
 
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს 2019 წლის ნოემბრიდან 2020 წლის მაისის პერიოდში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის საქართველოს თავმჯდომარეობის საკითხი და ამ კუთხით მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოები.
 
სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ასევე შეხვდა ევროპის საბჭოსთან ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებს.
 
შეხვედრისას ლაშა დარსალიამ მუდმივ წარმომადგენლებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებისა და ქართული მხარის მიერ გაწეული ძალისხმევის შესახებ.  შეხვედრაზე ხაზი გაესვა საერთაშორიო საზოგადოების მხარდაჭერისა და აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას.
 
მუდმივმა წარმომადგენლებმა გამოთქვეს სრული მხარდაჭერა გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშების წარდგენის პრაქტიკის მომავალში გაგრძელებასთან დაკავშირებით.
 
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს მომავალ თავმჯდომარეობას და რეგიონში მიმდინარე პროცესებს.