საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1329-ე სხდომას სიტყვით მიმართა

14.11.2018 - ქ. სტრასბურგი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია სიტყვით გამოვიდა ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1329-ე სხდომაზე, სადაც გენერალური მდივნის მე-18 კონსოლიდირებული ანგარიში „კონფლიქტი საქართველოში“ განიხილეს. ლაშა დარსალიამ კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი რთული ვითარება მიმოიხილა.

აღნიშნულ სხდომაზე ლაშა დარსალიამ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობასა და ბოლო პერიოდში რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვას და ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მორიგ უკანონო გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცთან 1 კილომეტრის სიგრძის მონაკვეთზე დაიწყო უკანონო სამუშაოები საოკუპაციო ხაზზე ხელოვნური ბარიერების აღმართვის მიზნით.

ლაშა დარსალიამ ასევე ყურადღება გაამახვილა  „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მიმართ დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა მიმართ სამართლის აღსრულებას და მოახდინოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების შემდგომი ხელყოფისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის დამძიმების პრევენცია. ლაშა დარსალიამ აქვე ხაზი გაუსვა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ მიმართ საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერისა და სიაში შეყვანილი პირების წინააღმდეგ შემზღუდველი ზომების დაწესების მნიშვნელობას.

ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში. მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა უკანასკნელ პერიოდში რუსეთის მხრიდან გააქტიურებულ მცდელობებზე, ხელი შეუშალოს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRM) ფუნქციონირებას როგორც გალში, ასევე ერგნეთში. მან ხაზი გაუსვა IPRM-ის მნიშვნელოვან როლს კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილებაში და აღნიშნა IPRM-ის მუშაობის ჩვეულ რეჟიმში დაბრუნების აუცილებლობა.

ლაშა დარსალიამ თავის გამოსვლაში ასევე ისაუბრა საქართველოს ხელისუფლების მიერ ნდობის აღდგენის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებსა და ჩართულობის პოლიტიკაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას - ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ, რაც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობის ჰუმანიტარულ და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

გამოსვლის დასასრულს, ლაშა დარსალიამ მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ჩართულობისათვის და ხაზი გაუსვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, საერთაშორისო საზოგადოებამ სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის ფედერაციის დესტრუქციულ ქმედებებს.

კონფლიქტი საქართველოში ანგარიშის განხილვისას განცხადებები გაკეთდა ევროკავშირის და სუამ-ის (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა) სახელით. აღნიშნულ განცხადებებში დადასტურებულია ევროკავშირისა და სუამ-ის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ევროკავშირის განცხადება წარმოადგენს ძლიერ პოლიტიკურ გზავნილს საერთაშორისო თანამეგობრობისათვის. განსაკუთრებით აღსანიშნავია განცხადებაში  ახალი ელემენტების ასახვა - გამოთქმულია ღრმა შეშფოთება ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზზე ახალი ხელოვნური ბარიერების უკანონოდ აღმართვასთან დაკავშირებით, რაც მიმართულია ცხინვალის რეგიონის იზოლაციისაკენ. ასევე, განცხადებაში ხაზგასმულია არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის ხელყოფის ფაქტების გამოძიებისა და სამართლის აღსრულების მნიშვნელობა და აღნიშნულია, რომ დაუსჯელობა შემაშფოთებელია. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირი მხედველობაში იღებს  საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 21 მარტის რეზოლუციას „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ და საქართველოს მთავრობის მიერ 2018 წლის 26 ივნისს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც ითვალისწინებს შემზღუდველი ზომების დაწესებას არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებზე პასუხისმგებელი პირების მიმართ. ასევე, განცხადებაში გამოთქმულია ღრმა შეშფოთება ოკუპირებული რეგიონების დე-ფაქტო  რეჟიმების მხრიდან ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRM) შეხვედრებში არმონაწილეობასთან დაკავშირებით და დაფიქსირებულია მხარდაჭერა IPRM-ის ფუნქციონირების დაუყოვნებლივ აღდგენის მიმართ.

გენერალური მდივნის ტორბიორნ იაგლანდის მე-18 კონსოლიდირებული ანგარიში - კონფლიქტი საქართველოში მოიცავს პერიოდს 2018 წლის აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით.

კონსოლიდირებული ანგარიში მზადდება წელიწადში ორჯერ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ, ანგარიშს საფუძვლად უდევს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2010 წლის გადაწყვეტილება.


EU Statement on the SG 18th Consolidated Report on the Conflict in Georgia

 

GUAM Statement.docx

18th Consolidated report on the conflict in Georgia_EN.pdf