საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ტორბიორნ იაგლანდს შეხვდა

13.11.2018 ქ. სტრასბურგი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა  ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან ტორბიორნ იაგლანდთან.


საგარეო საქმეთა მინიტრის მოადგილემ გენერალურ მდივანს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებასთან  და უახლეს განვითარებებთან დაკავშირებით. ლაშა დარსალიამ ყურადღება გაამახვილა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცთან, საოკუპაციო ხაზზე ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო სამუშაოებზე. მინისტრის მოადგილემ ასევე ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის დესტრუქციული პოზიციის შედეგად, სამწუხაროდ, შეჩერდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRM) ფარგლებში შეხვედრები გალსა და ერგნეთში.


საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებული საკითხები მუდმივად იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში. ამ თვალსაზრისით, მან ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებულ ანგარიშს, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ.


ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში კონფლიქტის შესახებ კონსოლიდირებული ანგარიშების მომზადება უაღრესად მნიშვნელოვანია და ეს პრაქტიკა კვლავ გაგრძელდება მომავალში.  


შეხვედრაზე ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში. ასევე, საუბარი შეეხო ნდობის აღდგენის მიმართულებით საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და ჩართულობის პოლიტიკას. ამ კონტექსტში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“, რაც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობის ჰუმანიტარულ და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.


გენერალურმა მდივნმა დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის ძალისხმევა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების კუთხით, მათ შორის საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“.


შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო 2019 წლის ნოემბრიდან 2020 წლის მაისის პერიოდში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის საქართველოს თავმჯდომარეობის საკითხს და თავმჯდომარეობისათვის მიმდინარე მოსამზადებელ სამუშაოებს.