საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესმა საქართველოში ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის საკითხზე რეკომენდაცია მიიღო

2018 წლის 7 ნოემბერს, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლთა კონგრესის 35- სესიაზე მიღებულ იქნა რეკომენდაცია საქართველოში ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის შესახებ ანგარიშის საფუძველზე.


ანგარიში წარადგინა მომხსენებელმა - კონგრესის რეგიონთა პალატის წევრმა სტიუარტ დიქსონმა (დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო).


აღსანიშნავია, რომ ანგარიშში აისახა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის წევრების მიერ საქართველოში 2018 წლის აპრილში გამართული ვიზიტის შედეგები, რომლის მიზანს ადგილობრივი დემოკრატიის ხარისხისა და ადგილობრივ თვითმმართველობათა ევროპულ ქარტიასთან შესაბამისობის განსაზღვრა წარმოადგენდა.


დოკუმენტში ხაზგასმულია საქართველოს მიერ ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე დემოკრატიის შემდგომი განმტკიცების მიმართულებით განხორციელებული მნიშვნელოვანი ნაბიჯები და მიღწეული შედეგები.  მათ შორის, დოკუმენტში დადებითად არის შეფასებული ქვეყნის კონსტიტუციაში ადგილობრივ თვითმმართველობათა ევროპული ქარტიით გათვალისწინებული სუბსიდიარობის პრინციპის ინტეგრაცია, ქალაქების მერების პირდაპირი წესით არჩევის წესის შემოღება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო ჩართულობის ახალი მექანიზმების დანერგვა. აღნიშნულ დოკუმენტში ასევე, დადებითად არის შეფასებული ადგილობრივი ხელისუფლების დეცენტრალიზაციისა და მოდერნიზაციის კუთხით ყოვლისმომცველი რეფორმების სტრატეგიის მიღება, ადგილობრივი თვითმმართველობების ფინანსური შესაძლებლობების განვითარება, აუდიტორული სისტემის მოდერნიზაცია და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის (NALAG) წარმომადგენლობითი როლის/პოზიციის ოფიციალური აღიარება.


აღსანიშნავია, რომ კონგრესის 35- სესიაზე საქართველოს დამსწრე დელეგაციის შემადგენლობაში შედიან დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე, ქალაქ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე, ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის (NALAG) ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ტყემალაძე, თბილისის საკრებულოს წევრი, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის (NALAG) ვიცე-პრეზიდენტი  თამარ ტალიაშვილი და მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი სევდია უგრეხელიძე.