საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა დუნია მიატოვიჩთან

19.04.2018 სტრასბურგი - საქართველოს საგარეო საქმეთამინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმასტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში გამართა შეხვედრაევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან დუნია მიატოვიჩთან.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა ახლადარჩეულ კომისართან შეხვედრისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე. მან დეტალურად ისაუბრა ე.წ. „ბორდერიზაციის“, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გამშვები პუნქტების დახურვის, უკანონო დაკავებების, სოხუმსა და ახალგორში საბაჟო პუნქტების გახსნის ფაქტებზე.

მინისტრის პირველი მოადგილის მხრიდან განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტზე. აღინიშნა, რომ ცხედარი ქართულ მხარეს გადმოეცა დაგვიანებით, რაც არა მარტო პოლიტიკურად გაუმართლებელი ნაბიჯია, არამედ ჰუმანიტარული თვალსაზრისითაც მიუღებელია. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ეს არ არის ერთჯერადი შემთხვევა და მსგავსი დანაშაული წარსულში ჩადენილ იქნა გიგა ოთხოზორიას შემთხვევაშიც.

მინისტრის პირველმა მოადგილემ ასევე ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკური ქართველებისათვის ე.წ. ბინადრობის მოწმობის იძულებით გაცემის, ეთნიკური ქართველების საკუთრების განადგურების, გამშვები პუნქტების დახურვის, მშობლიურ ენაზე სწავლების უფლების და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებთან გაფორმებულ ე.წ.  „ხელშეკრულებების“, ეთნიკური ნიშნით შევიწროებისა და სხვა მსგავს ფაქტებზე.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ არსებული ვითარება საჭიროებს საერთაშორისო საზოგადოების დაუყოვნებლივ რეაგირებას და ევროპის საბჭოს სადამკვირვებლო მექანიზმების ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლას, რათა ადგილზე მოხდეს სიტუაციის შეფასება.

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის განცხადებით, საქართველოს პრობლემატიკა მისთვის ცნობილია. მან გამოთქვა მზადყოფნა აქტიურად ითანამშრომლოს საქართველოს ხელისუფლებასთან ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული გამოწვევების მოგვარების მიზნით.

საუბარი ასევე შეეხო ნდობის აღდგენის მიმართულებით საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და ჩართულობის პოლიტიკას. ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში. განასაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივას - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“, რაც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობის ჰუმანიტარულ და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ევროპის საბჭოს ადამიანის უიფლებათა კომისარმა დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის ძალისხმევა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების კუთხით.

დუნია მიატოვიჩმა მადლობა გადაუხადა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს დეტალური ინფორმაციისთვის.