საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დავით ზალკალიანი ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

19.04.2018 სტრასბურგი - საქართველოს საგარეო საქმეთამინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმასტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში გამართა შეხვედრაევროპის საბჭოს გენერალურ მდივნის მოადგილესთან გაბრიელა ბატაინი-დრაგონისთან და ევროპის საბჭოსთან ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებთან.  

დავით ზალკალიანმა გენერალური მდივნის მოადგილეს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მძიმე ვითარებასთან დაკავშირებით.

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხები მუდმივად იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში. ამ თვალსაზრისით, მან ხაზი გაუსვა გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშის მნიშვნელობას, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში განვითარებული მოვლენების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტს.  

გენერალური მდივნის მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველოში კონფლიქტის შესახებ კონსოლიდირებული ანგარიშების მომზადება მნიშვნელოვანია და ეს პრაქტიკა გაგრძელდება მომავალში.  

საუბარი ასევე შეეხო ნდობის აღდგენის მიმართულებით საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და ჩართულობის პოლიტიკას. ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივას - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“, რაც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობის ჰუმანიტარულ და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

გენერალური მდივნის მოადგილემ დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის ძალისხმევა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების კუთხით. ამასთანავე, პოზიტიურად შეფასდა საქართველოში მიმდინარე რეფორმები, რომელიც მიმართულია დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებასა და განვითარებისკენ.

შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის სხვადასხვა სფეროში მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პროექტების განხორციელების მდგომარეობა. ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილის განცხადებით, ევროპის საბჭო, თავის მხრივ, აქტიურად განაგრძობს მუშაობას სამოქმედო გეგმისათვის ფინანსური რესურსების მოძიების კუთხით.

გარდა ზემოაღნიშნული შეხვედრისა, ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე შეხვდა ევროპის საბჭოსთან ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებს.

შეხვედრისას დავით ზალკალიანმა მუდმივ წარმომადგენლებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებისა და აღნიშნული პრობლემების მშვიდობიანი გზით მოგვარებისათვის ქართული მხარის მიერ გაწეული ძალისხმევის შესახებ.  მუდმივი წარმომადგენლები დაინტერესდნენ  ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაციითა და კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობით. ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლების მიერ დადებითად შეფასდა საქართველოს ხელისუფლების კონსტრუქციული მიდგომა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესისადმი. მათ გამოთქვეს სრული მხარდაჭერა გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშების წარდგენის პრაქტიკის მომავალში გაგრძელებასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო  ევროპის საბჭოში საქართველოს მომავალ თავმჯდომარეობას და რეგიონში მიმდინარე პროცესებს.